ინსულინის პრაქტიკული გამოყენება იყო ნამდვილი რევოლუცია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში. დღეს დიაბეტი უკვე აღარ არის სასიკვდილო დაავადება და საშუალება გვაქვს გადავარჩინოთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე.
სამწუხაროდ შაქრიანი დიაბეტის სრული განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინსულინის ინექციები რჩება ერთადერთ და ძირითად საშუალებად შაქრიანი დიაბეტი ტიპი1-ის მკურნალობაში.
1869 წელს ბერლინელმა სტუდენტმა პოლ ლანგერჰანსმა პანკრეასის მიკროსკოპული შესწავლისას აღმოაჩინა უჯრედის გროვები. მოგვიანებით დადგინდა მათი როლი ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციაში. დღეს ამ უჯრედებს ლანგერჰანსის კუნძულები ეწოდება.
შემდეგ იყო უამრავი მცდელობა პანკრესიდან გლუკოზის დამაქვეითებელი ნივთიერების გამოყოფისა და ბოლოს
1921წ. კანადაში, ქ. ტორონტოში ,ფრედერიკ ბანტინგმა და ჩარლზ ბესტმა, ხბოს კუჭქვეშა ჯირკვლიდან გამოყვეს ნივთიერება, რომელიც დიაბეტიან ძაღლებს უქვეითებდა გლუკოზის შემცველობას სისხლში. ამ ნივთიერებას ინსულინი ეწოდება (ლათინური სიტყვა insula – ნიშნავს კუნძულს), ეს იყო უდიდესი მოვლენა მედიცინის ისტორიაში, რისთვისაც 1923 წელს დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით.
ჩარლზ ბესტი და ფრედერიკ ბანტინგი
ხოლო ბანტინგის დაბადების დღე – 14 ნოემბერი, როგორც დიაბეტის საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად აღინიშნება.
პირველად მსოფლიოში ინსულინი 14 წლის ლეონარდ ტომფსონს გაუკეთდა 1922 წლის 11 იანვარს. მალევე დაიწყო ინსულინის მასიური წარმოება, თავდაპირველად ინსულინი გამოდიოდა ფხვნილის სახით, რომელსაც უშუალოდ ინექციის წინ ხსნიდნენ გამხსნელში.
პირველი კომერციული ინსულინი
ლეონარდ ტომპსონი წლების შემდეგ
ერთ-ერთი პირველი პაციენტი ინსულინოთერაპიამდე და
ინსულინოთერაპიის შემდეგ
ინსულინი ცილოვანი სტრუქტურის ნივთიერებაა. მისი სტრუქტურა პირველად გაშიფრა ფრედერიკ სენგერმა 1951 წელს. აღმოჩნდა, რომ ინსულინი ორი – A და B ჯაჭვისაგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან სულფიდური ხიდაკებითაა დაკავშირებული.
ინსულინის სტრუქტურა
ინსულინის სტრუქტურის შესწავლამ, შესაძლებელი გახადა სინთეზური ინსულინების წარმოება. ფრედერიკ სენგერმა 1958 წელს ამ დამსახურებისთვის ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.
წარსულში იყენებდნენ ცხოველური წარმოშობის ინსულინებს (ღორის, ხარის), რომელსაც სხვადასხვა გართულება ახლდა თან. ამჟამად კი გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ადამიანის ინსულინები და ინსულინის ანალოგები, რომელიც გენური ინჟინერიის გზით არის მიღებული.
ინსულინის სივრცითი სტრუქტურა
პოპულარულ გამოცემებსა თუ ინტერნეტში შეიძლება შევხვდეთ განცხადებებს, სადაც დიაბეტის განკურნებას გვპირდებიან, იქნება ეს ფიზიოთერაპიული პროცედურები, ლაზეროთერაპია თუ კუჭქვეშა ჯირკვლის არის მასაჟი. ასევე სხვადასხვა მცენარეთა ნაკრებები, ელექტრომაგნიტური და სხვა ველებით, ექსტრასენსებთან ბიოველებით მკურნალობა და ა.შ.
რაღა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება უშედეგოა და ინსულინის დოზების შემცირებამ ან სრულად მოხსნამ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე – კეტოაციდოზურ კომამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.
ინსულინის დოზასა და მკურნალობის სქემას ექიმი ადგენს, ჩვენ კი უნდა შეგვეძლოს სწორად გავაკეთოთ შერჩეული დოზა და ვიცოდეთ წესები, როგორ შევცვალოთ ინსულინის დოზები იმის მიხედვით თუ როგორია გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში.
ინსულინოთერაპია
როგორც უკვე ვიცით, ჯანმრთელ ადამიანებში კუჭქვეშა ჯირკვალი საკვების მიღებისთანავე, გამოყოფს ინსულინს სისხლში. რაც უფრო მეტ ნახშირწყალს მივიღებთ, მით მეტი ინსულინი გამოიყოფა. ასეთ ინსულინს ბოლუსური ინსულინი ეწოდება. ამავე დროს, კვებებს შორის შუალედში, ღამით ძილის დროს, კუჭქვეშა ჯირკვალი ასევე გამოყოფს მცირე რაოდენობით ინსულინს, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. ამ ინსულინს კი ბაზალური ინსულინი ჰქვია.
მკურნალობისას, საუკეთესო შედეგის მისაღებად უნდა მოვახდინოთ ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის იმიტაცია.ე.ი. ამისათვის გვჭირდება ბაზალური და ბოლუსური ინსულინები.
მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ ხანმოკლე, ულტრახანმოკლე, გახანგრძლივებული და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინებს.
ბოლუსურ ინსულინებს მიეკუთვნება ხანმოკლე და ულტრახანმოკლე ინსულინები, ბაზალურს კი გახანგრძლივებული და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები.
ხანმოკლე მოქმედების ინსულინი წარმოადგენს ადამიანის ინსულინს.
ხანმოკლე მოქმედების ინსულინებია: Actrapid (Novo Nordisk), Humulin R (Lilly)
ხანმოკლე მოქმედების ინსულინი
ის უფერო გამჭვირვალე სითხეა. მოქმედებას იწყებს ინექციიდან 20-30 წთ-ის შემდეგ, პიკს აღწევს 2-4 სთ-ში და 6 სთ-ში ამთავრებს მოქმედებას. ამგვარად საკვები უნდა მივიღოთ მისი გაკეთებიდან ნახევარ საათში, რათა გლუკოზის შეწოვისა და ინსულინის მოქმედების პერიოდები დაემთხვეს ერთმანეთს. საკვებს ვიღებთ გაკეთებული დოზის შესაბამისად.
ნაკლების მიღება ჰიპოგლიკემიას, მეტისა კი ჰიპერგლიკემიას გამოიწვევს.
ინექციიდან ორ საათში, როცა ხანმოკლე ინსულინის მოქმედების პიკია, აუცილებელია დამატებითი კვება, ე.წ. წახემსება რადგან ამ დროს ინსულინი მოქმედებს, საკვებით მიღებული შაქარი კი სისხლში აღარაა.
სხვადასხვა ტიპის ინსულინის მოქმედების პროფილი
სხვადასხვა ტიპის ინსულინის მოქმედების პროფილი
ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინები ინსულინის ანალოგებია. წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო სითხეს.
ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინებია: Novorapid – Aspart ((Novo Nordisk), Humalog – Lispro (Lilly), Apidra – Glulisine (Sanofi Aventis)
ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინი
მოქმედებას იწყებს ფაქტიურად შეყვანისთანავე (5-15წთ-ში). ამის გამო ინტერვალის დაცვა სულაც არაა საჭირო. გარკვეულ შემთხვევებში კვების მერეც კია შესაძლებელი მისი შეყვანა. განსაკუთრებით გამოსადეგია პატარა ბავშვებში, როცა წინასწარ ძნელია განსაზღვრა რა რაოდენობით საკვებს მიიღებს.
ულტრახანმოკლე ინსულინებს პიკი 1-2სთ-ში აქვს, რაც ზუსტად ემთხვევა საკვების გადამუშავების პერიოდს. არ საჭიროებს დამატებით კვებას, წახემსებას. მოქმედების ხანგრძლივობა 4-5 სთ-ია. ნაკლებია ჰიპოგლიკემიის რისკი. ყოველივე ამის გამო განსაკუთრებით მოსახერხებელია, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში.
სხვადასხვა ტიპის ინსულინის მოქმედების პროფილი
გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინებია – Insulatard (Novo Nordisk), Humulin N (Lilly)
გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინი
შეწოვის გამახანგრძლივებელი ნივთიერების დამატების გამო წარმოადგენს სუსპენზიას, რომელიც ყოველი გაკეთების წინ გულმოდგინედ უნდა ავურიოთ. მოქმედებას იწყებს 2 სთ-ში, პიკს აღწევს 6-10 სთ-ში, მოქმედების ხანგრძლივობა კი 12-16 სთ-ია( დოზის მიხედვით). როგორც წესი, რაც მეტია გაკეთებული დოზა, მით უფრო ხანგრძლივია მისი მოქმედება.
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები ინსულინის ანალოგებია. ასევე გამჭვირვალე და უფერო.
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინებს წარმოადგენს: Levemir – Detemir (Novo Nordisk), Lantus (sanofi aventis)
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები
არ საჭიროებს შენჯღრევას ინექციის წინ. მოქმედებს 24სთ-მდე, ამიტომ ძირითადად რეკომენდირებულია ერთი, ზოგ შემთხვევაში ორი ინექცია. არ აქვს გამოხატული პიკი, ამიტომ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ძალიან მცირეა ღამით და კვებებს შორის შუალედში.
გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ოპერაციების, კეტოაციდოზის დროს ხანმოკლე მოქმედების ინსულინი შეიყვანება ინტრავენურად. პირდაპირ ხვდება სისხლში და იწყებს მოქმედებას.
ინსულინოთერაპიის რეჟიმი
როგორც უკვე ვთქვით, დღე-ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით- ფონური ინსულინი ადამიანის ორგანიზმში უწყვეტად გამომუშავდება – საშუალოდ 0,5-1 ერთ. საათში. გლუკოზის მიღებასთან ერთად ინსულინის სეკრეცია მნიშვნელოვნად იმატებს მიღებული გლუკოზის რაოდენობის მიხედვით..
ინსულინოთერაპიის დროს მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ფიზიოლოგიურ რეჟიმს ინსულინის გამოყოფისა. ამიტომ დღე-ღამური ფონის შესაქმნელად აუცილებელია გახანგრძლივებული ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი, ხოლო კვებების დროს – ხანმოკლე ან ულტრახანმოკლე ინსულინები.
ინსულინოთერაპიის რეჟიმს არჩევს ექიმი თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, მათი თავისებურებებიდან გამომდინარე.
არსებობს ინსულინოთერაპიის 1. ტრადიციული რეჟიმი, რომლის დროსაც ხანმოკლე და გახანგრძლივებული ინსულინები კეთდება ერთდროულად დილა-საღამოს, საუზმისა და ვახშმის წინ. ასეთი რეჟიმი ნაკლებად მოქნილია, საჭიროებს მკაცრ გრაფიკს და დიაბეტის სრული კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი სქემა ძირითადად მოზრდილებში ტიპი2 დიაბეტის დროს გვხვდება.
ბავშვებისათვის უფრო მოსახერხებელია 2. ინტენსიფიცირებული ინსულინოთერაპია., რომელიც მეტად გვაგონებს ჯანმრთელი კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას.
ბაზალური ინსულინად ხანგრძლივი და გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინი გამოიყენება. ხანგრძლივი კეთდება ძირითადად ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ დილა-საღამოს. გახანგრძლივებულის შემთხვევაში დღეში ორჯერ.
ბოლუსურად კი ვიყენებთ ულტრახანმოკლე , ხანმოკლე ინსულინებს საუზმის, სადილის, ვახშმის წინ. ასევე შესაძლებელიაულტრახამოკლე ინსულინის რიგგარეშე ინექციები გლიკემიის კორექციისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ იმატებს ჩხვლეტების რაოდენობა, ინტენსიფიცირებული ინსულინოთერაპია მეტად მოქნილია, დასაშვებია კვებებისა და საკვების რაოდენობრივი ცვლილებები. მეტად შევიძლია მოვარგოთ ინდივიდუალურ საჭიროებებს, განსაკუთრებულ დღეებში შევიტანოთ ცვლილებები.
როგორ შევინახოთ ინსულინი
თითოეულ ინსულინის კარტრიჯსა და ფლაკონზე, ისევე როგორც ყველა მედიკამენტზე აღნიშნულია მოქმედების ვადა.
ინსულინის მარაგის შესანახად აუცილებელია მისი შენახვა მაცივარში – 2-8 გრადუს ტემპერატურაზე. ინსულინი არ უნდა მოვათავსოთ საყინულესთან ახლოს, რადგან გაყინვისას კარგავს აქტივობას.
შპრიც-კალმისტრები ინსულინით, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურად, დასაშვებია შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.
ასევე დაუშვებელია ინსულინის გადახურება. ზაფხულში არ უნდა მივაფიცხოთ მზის პირდაპირ სხივებს.
თვითმფრინავით მგზავრობისას ინსულინი უნდა ვიქონიოთ თან, ხელჩანთაში. დაუშვებელია ინსულინის ბარგში ჩაბარება.
შენახვის წესების დაუცველობისას, ინსულინი შეიძლება შეიმღვრეს და შეიცვალოს ფერი.
ინსულინის კონცენტრაცია
დღესდღეობით მთელს მსოფლიოში ძირითადად გამოიყენება ინსულინები, რომელთა კონცენტრაცია 100 ერთეულია მლ-ში.
წარსულში გვხვდებოდა ინსულინები, რომელთა კონცენტრაცია 40 ერთეულს შეადგენდა მლ-ში. თითოეულ კარტრიჯს, ფლაკონს დატანილი აქვს კონცენტრაციის აღმნიშვნელი წარწერა.
აფთიაქებში დღემდე შეიძლება იყოს შემორჩენილი ძველი, 40 ერთეულიანი ინსულინისთვის განკუთვნილი შპრიცები. ამიტომ შპრიცების გამოყენებისას უნდა შევიძინოთ სპეციალური 100 ერთეულიანი შპრიცები, რომ არ მოხდეს დოზების არევა.
ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ინსულინის მოქმედებაზე:
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ ინსულინის იდენტური დოზები და საკვებიც იყოს ზუსტად ერთიდაიგივე, სავსებით შესაძლებელია მივიღოთ გლიკემიის სხვადასხვა მაჩვენებელი.
ინსულინის მოქმედებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის:
კანქვეშა სისხლმომარაგება: იმატებს გათბობისას: მაგ.საუნა, ჯაკუზი, შხაპი, აბაზანა, მაღალი ტემპერატურა. იკლებს: გადაცივების, თამბაქოს მოხმარები, გაუწყლოების შედეგად.
ინექციის სიღრმე. კუნთიდან შეიწოვება უფრო სწრაფად.
ინექციის ადგილი. მუცლიდან შეიწოვება ყველაზე სწრაფად, თეძოდან ყველაზე ნელა.
ანტისხეულები ინსულინის მიმართ. უკავშირდება ინსულინს და აქვეითებს მის მოქმედებას
ფიზიკური დატვირთვა. ინსულინი შეიწოვება უფრო სწრაფად.
ინექციის ადგილის მასაჟი. ასევე შეიწოვება უფრო სწრაფად.
კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სისქე. რაც უფრო სქელია, შეიწოვება უფრო ნელა
ინექცია ლიპოდისტროფიებში.- შეიწოვება უფრო ნელა
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უარს ამბობს საკვების მიღებაზე?
ასეთ შემთვევაში, თუ ბავშვი იკეთებს ულტრახანმოკლე ინსულინს, მას ვაკეთებთ კვების შემდეგ, შემცირებული რაოდენობით, მიღებული საკვების შესაბამისად.
ხოლო, თუ ბავშვი ხანმოკლე ინსულინზეა და უკვე გაკეთებული გვაქვს შესაბამისი ინექცია, მაშინ როგორმე უნდა შევავსოთ მისაღები პურის ერთეულები, შეიძლება შევთავაზოთ მეტი პური, რაზეც როგორც წესი, უარს ნაკლებად ამბობენ.
შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაშიც, როცა გამოგვრჩა ინსულინის ინექცია, როგორ მოვიქცეთ?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დოზა გამოგვრჩა:
1, დოზა კვების წინ. თუ გაგვახსენდა მალევე, ვაკეთებთ გახსენებისთანავე იგივე დოზას ან 1-2 ერთეულით ნაკლებს, თუ გასულია 1-2 სთ, ვაკეთებთ დოზის ნახევარს, ხოლო, თუ კიდევ მეტი, ვამატებთ შემდეგ დოზას, გლიკემიის მაჩვენებლის შესაბამისად.
2, ძილის წინა დოზა: თუ ვიკეთებთ გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინს და გაგვახსენდა ღამის 2 სთ-მდე, ვაკეთებთ 25-30%-ით ნაკლებ დოზას, ან 1-2 ერთეულით ნაკლებს, ყოველ განვლილ საათზე. თუ დილის ინექციამდე დარჩენილია 5 სთ-ზე ნაკლები, შეგვყავს დოზის ნახევარი ხანმოკლე მოქმედების ინსულინი, ან 0,1 ერთ/კგ სხეულის მასაზე.
იმ შემთხვევაში თუ მოვიხმართ ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს, სწრაფად გახსენების შემთხვევაში ვაკეთებთ ჩვეულ დოზას, თუ გაგვახსენდა დილით და ჩვეულებრივ ვიკეთებთ ხოლმე ინსულინს დღეში ერთხელ, ვაკეთებთ დოზის ნახევარს, თუ ორჯერ, ვაკეთებთ დილის დოზას და გლიკემიას ვაკორეგირებთ ულტრახანმოკლე ინსულინის საშუალებით.