დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე, კომპანია “ნოვო-ნორდისკის” ხელშეწყობით 2001 წელს დაარსდა ”დიაბეტის სასწავლო ცენტრი”,რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი, სამედიცინო პროგრამების დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ნუნუ ბიკაშვილი. ცენტრის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის ექიმებისთვის, ექთნებისთვის, დიაბეტიანი პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. პროგრამა ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდურ რეკომენდაციებს, დანიის “სტენოს” ექიმთა გადამზადებისა და განათლების საერთაშორისო ცენტრისა და კომპანია “ნოვო-ნორდისკის” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის დიაბეტის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამებს, EASD და IDF–ის რეკომენდაციებს. სწავლებისას ასევე გამოყენებულია საკუთარ მასალები, რომელიც ემყარება დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის მიერ შექმნილ დიაბეტის ნაციონალურ რეგისტრს, რომლის ფუნქციონირების პრაქტიკაში გამოცდით დადასტურდა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია მულტიპარამეტრული ეპიდემიოლოგიური ანალიზის ჩატარება, რაც აუცილებელია დიაბეტთან დაკავშირებული სამედიცინო, პროფესიული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ოპტიმალური განაწილებისა და ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტოლოგიური სამსახურის განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებისათვის. პროგრამის მიზანია გააცნოს მსმენელს დიაბეტოლოგიის თანამედროვე აქტუალური პრობლემები. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ სალექციო მასალას:

• შაქრიანი დიაბეტის ისტორია, კლასიფიკაცია, ეტიო-პათოგენეზი, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები.

• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ინსულინოთერაპიის ტრადიციული და თანამედროვე სქემების სწავლება.

• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მონო- და კომბინირებული ინსულინოთერაპიის თანამედროვე ასპექტების სწავლება.

• ინსულინის ანალოგებისა და ინსულინოთერაპიის მომავალი პერსპექტივების გაცნობა. დიაბეტური გართულებების არსი და მათი პრევენცია.

• საქართველოში დიაბეტოლოგიური დახმარების ორგანიზაციის და განვითარების პერსპექტივების გაცნობა.

დიაბეტის მედიკო-სოციალური ასპექტები, კანონმდებლობა. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 დღე. სადემონსტაციოდ გამოყენებულია სხვადასხვა ფირმის ინსულინის პრეპარატების ფართო სპექტრი, ინსულინის შეყვანის სისტემები (სხვადასხვა თაობის ინსულინის კალმისტრები), სისხლში გლუკოზის განსაზღვრის საანალიზო საშუალებები, შარდში გლუკოზის, კეტო-სხეულების, მიკროალბუმინურიის განსაზღვრის საშუალებები, სხვადასხვა ფირმის ანტიდიაბეტური პერორალური მედიკამენტები და სხვა დიაბეტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის მსოფლიოში აპრობირებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. ”დიაბეტის სასწავლო ცენტრის” ფუნქციონირების საწყის ეტაპზე ლექციების კურს კითხულობდნენ საქართველოს წამყვანი ექიმი-ენდოკრინოლოგები : პროფესორები დავით მეტრეველი, დავით ვირსალაძე, რამაზ ყურაშვილი, ზურაბ სეხნიაშვილი და საზღვარგარეთიდან მოწვეული ცნობილი სპეციალისტები.ჩვენ ცენტრში მისი დაარსების დღიდან სასწავლო კურსი გაიარა სხვადასხვა პროფილის ასეულობით ექიმმა, ექთანმა და დიაბეტიანმა პაციენტმა.

ცალკე ღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ასოციაციის თანადგომით მომზადებული და დაცული იქნა რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ასოციაციის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია.