ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საქართველოს  1995-1999, 1999-2004 წწ.  

მოწვევის პარლამენტის წევრი

მსოფლიო მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია ადამიანის სიცოცხლის ხსნა ისეთი სნეულებებისაგან, როგორიც არის კიბო და შიდსი. ინსულინოთერაპიის შემოღებამდე დიაბეტიანი ადამიანიც სასიკვდილოდ იყო განწირული. საბედნიეროდ, თერაპიის ეს სახე დიაბეტიანს საშუალებას აძლევს ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნოს შრომის უნარი და არაფრით განსხვავდებოდეს ჯანმრთელისაგან. ინსულინი ყველა დროის მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია, ამჟამად მსოფლიოში ინსულინის დეფიციტი არ არის და თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვა ინსულინის უქონლობის გამო, კაცობრიობის სირცხვილია.
დიაბეტი ქრონიკული სენია, რომლის საბოლოოდ განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. თანამედროვე დონის ინსულინოთერაპიით შეიძლება ავადმყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება და მათი შრომის უნარიანობის აღდგენა, მაგრამ ამ ორი საკითხის გადაწყვეტა ვერ ამოწურავს დიაბეტის მკურნალობის პრობლემას. შეიძლება ავადმყოფის სიცოცხლეს კონკრეტულ მომენტში არაფერი ემუქრებოდეს, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და შრომის უნარი ჰქონდეს, მაგრამ სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა ზრდის გართულებათა განვითარების რისკს. ამიტომ, დიაბეტიანისთვის აუცილებელია მუდმივი სამედიცინო კონტროლი და მკურნალობა, რაც დიდად არის დამოკიდებული თავად ავადმყოფის შინაგან ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე. დაუშვებელია ამ სენის ტრაგედიად აღქმა. მთავარია მასთან შეგუება და თვითკონტროლი, რადგან დიაბეტი ცხოვრების განსხვავებული და განსაკუთრებული წესია!
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ბავშვებში, რადგან ბავშვთა დიაბეტი მეტად თავისებურია. ეს განპირობებულია უპირველესად ასაკობრივი ფაქტორითა და თავად ავდმყოფობის გამოვლენის, მისი მიმდინარეობისა და მკურნალობის თავისებურებებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებითა და ნორმებით დიაბეტიან ბავშვს, უპირველესად ყოვლისა, სასიცოცხლოდ ესაჭიროება ინსულინი და აუცილებლად მხოლოდ ადამიანის, საანალიზო-ტექნიკური საშუალებები (გლუკომეტრი თავისი ტესტ-სისტემებითა და სისხლის ასაღები ლანცეტით), შარდში გლუკოზისა და კეტოსხეულების (აცეტონის) განსასაზღვრი ტესტები, აუცილებელი კალორაჟის საკვები პროდუქტები და შესაბამისი განათლება (მცირე ასაკის შემთხვევაში მშობლების), რაც იძლევა იმის პირობას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, დიაბეტიანი ბავშვი (მოზარდი) ნორმალურად განვითარდება და ის საბოლოო ჯამში საზოგადოების აქტიურ, სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბდება.

ზემოთ აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე 1990 წელს დავაარსეთ საქართველოში პირველი დიაბეტური არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, ”დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია”, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ კატეგორიის ბავშვების მედიკამენტებითა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, დიაბეტური განათლების მიცემა და მათი სოციალური რეაბილიტაცია.
ასოციაციის დაფუძნება მოხდა ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო. მოგეხსენებათ, რომ 1990 წ. იყო ის წელი, როდესაც გამოკვეთილად ჩანდა ყოფილი სსრკ-ს დაშლის კონტურები, რაც უდავოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა საერთოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, (იმ დროს საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდებოდა მოსკოვიდან ცენტრალიზებული წესით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ინსულინითაც.)
აქედან გამომდინარე, გარდამავალი პერიოდისათვის, საჭირო იყო ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უშუალოდ ჩაერთვებოდა დიაბეტიანთა (ამ შემთხვევაში ბავშვების) ინსულინით უზრუნველყოფაში და იმავდროულად დაიცავდა მათ უფლებებს.
როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, დაიშალა სსრკ და საქართველო დარჩა მედიკამენტების გარეშე. ამას დაემატა ჩვენთან მიმდინარე პროცესები (1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენები, საომარი მოქმედებები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში), რამაც ძირეულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა, ამან უპირველესად ყოვლისა ის ავადმყოფები და ინვალიდები ჩააყენა უმძიმეს მდგომარეობაში, რომლებიც მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მედიკამენტებს მუდმივად სახელმწიფოსგან ღებულობდნენ.
ასეთ ავადმყოფთა შორის ყველაზე მეტი საქართველოში ინსულინდამოკიდებული დიაბეტიანი იყო, რომელთა რაოდენობა (იმჟამინდელი მონაცემებით) 40 ათასს აჭარბებდა. არსებულ სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებდა დიაბეტიანი ბავშვების მდგომარეობა, (14 წლამდე ასაკის 300-ზე მეტი ბავშვი), რომლებიც 1990 წლიდან უკვე იმ დროისათვის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ დანიური ფირმა “ნოვო-ნორდისკის” წარმოების U 100 ერთეულიან ადამიანის ინსულინს იყენებდნენ, რომელიც სპეციალური შპრიც-კალმისტრებით კეთდება და საკმაოდ ძვირადღირებულია, ხოლო ამ ინსულინის შეცვლა ექიმების აზრით არარეკომენდირებული იყო.
ამ პრობლემების მოგვარებით დაიწყო ასოციაციამ თავისი აქტიური საქმიანობა.
ჯერ კიდევ 1991 წ., ასოციაციამ დააყენა მაშინდელი ხელისუფლების წინაშე წინადადება, რათა მთავრობას მიეღო სპეციალური დადგენილობა საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფის შესახებ.
სამწუხაროდ ხელისუფლებამ არ მიიღო ასოციაციის ეს წინადადება და იგი რეალიზებული იქნა მხოლოდ 1992 წ., თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მაინც ვერ მოხერხდა არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილთა ინსულინის შესყიდვაც, რაც ათიათასობით დიაბეტიანის დაღუპვას ნიშნავდა.
აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონ ედუარდ შევარდნაძის როლი, რომელმაც 1992 წლის მარტში თბილისში დაბრუნებისთანავე ასოციაციის რეკომენდაციით სთხოვა აშშ მთავრობას, ხოლო მოგვიანებით საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ სახელმწიფო მდივანს ჯ. ბეიკერს დახმარებოდნენ საქართველოს მოსახლეობას ინსულინით. ამ პროგრამით 1992-94 წწ. საქართველომ აშშ-დან მიიღო ჰუმანიტარული წესით გამოგზავნილი 15 მილიონამდე დოლარის ღირებულების ინსულინი ”ჰუმულინი”, რითაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნებული იქნა, თუმცა ეს მაინც არ იყო ის ინსულინი, რომელთანაც ბავშვები იყვნენ ადაპტირებული (კალმისტრის ინსულინი, ე.წ. პენფილები).
მიუხედავად უამრავი უცხოური ორგანიზაციების დაპირებებისა ვერ მოხერხდა ბავშვებისათვის პენფილების ინსულინის შემოტანა, რაც საკმაოდ მძიმე სიტუაციას უქმნიდა მათ.
აღნიშნული პრობლემა გადაჭრილი იქნა იმ ქველმოქმედების ხარჯზე, რაც 1993 წელს დიაბეტიან ბავშვებს გაუწია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ, რომელმაც 70 ათასი დოლარის ინსულინი შეუსყიდა ასოციაციას და პრაქტიკულად შეავსო ის დეფიციტი, რომელიც გაჩნდა არსებულ მარაგსა და საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი კრედიტით 1994 წელს შეძენილ ინსულინს შორის.
პრაქტიკულად, 1990-95 წწ მძიმე პერიოდი, ასოციაციის ძალისხმევით, დიაბეტიანმა ბავშვებმა გადაიტანეს უმტკივნეულოდ, ხოლო ამას თუ დავუმატებთ ამავე წლებში მიღებულ ასიათასობით დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ საკვებ პროდუქტებსაც, რასაც ასოციაციის წევრებს უნაწილებდნენ ან უგზავნიდნენ სხვადასხვა უცხოური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ასოციაციის შექმნის იდეამ სავსებით და არ იქნება გადაჭარბებული შეფასება თუ ვიტყვით, რომ ასობით დიაბეტიან ბავშვს, ასოციაციის ძალისხმევითა და მონაწილეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
როგორც ცნობილია 1995 წლის აგვისტოში საქართველოში დაიწყო ჯანდაცვის რეფორმა. თავიდან დიაბეტიან ბავშვთა პროგრამა ფინანსური სიძნელეების გამო ვერ მოხვდა სახელმწიფო პროგრამების ნუსხაში და იგი სპეციალურად დამატებით იქნა შეყვანილი უშუალოდ მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის დავალებით.
ამის შემდეგ დიაბეტიანი ბავშვებისთვის დაიწყო ახალი პერიოდი. 1995 წ. ახლადარჩეულმა პარლამენტმა ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცა საქართველოს ბიუჯეტი, სადაც პირველად იყო გათვალისწინებული დიაბეტიანი ბავშვების სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტოს ფირმა “მედინსერვმა” შეიძინა და ასოციაციას გადასცა 19 500 კოლ. ინსულინი, შპრიც-კალმისტრები და ნემსები.
1997 წ. ჯანდაცვის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გამსვლელ სხდომაზე, უშუალოდ მინისტრის ინიციატივით, ექსპერიმენტის სახით გაფორმდა ხელშეკრულება სამინისტროსა და ასოციაციას შორის სახელმწიფო პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს იყო პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესრულება უშუალოდ დაევალა არასამთავრობო ორგანიზაციას.
ამავე პროგრამის ფარგლებში ასოციაციამ შეიძინა 10 500 კოლ. ინსულინი, შპრიც-კალმისტრები და ნემსები, ოფთალმოლოგიური არგონ-ლაზერი თავისი დამხმარე მოწყობილობებით, ავტომატური რეფრაქტოკერატომეტრი და ულტრაბგერითი აპარატი (ბიომეტრი).

გარდა ზემოთაღნიშნული პროგრამისა ასოციაციასა და საქართველოს ინვალიდების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულებით დეპარტამენტმა შეიძინა და ასოციაციას გადასცა 427 გლუკომეტრი, სისხლში და შარდში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები, ლაბორატორიული აპარატი DCA 2000- სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსასაზღვრავად და თვალის ფსკერის გადასაღები ფუნდუს კამერა, რომელიც დღესაც ერთადერთია მთელ საქართველოში.
1997-98 წწ. ასოციაციის წინადადებით ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამაში მონაწილე ბავშვთა ასაკი გაზარდა ჯერ 16, ხოლო შემდეგ 18 წლამდე. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შესყიდული ინსულინის რაოდენობა არ გაზრდილა.
ამავე წლებში ასოციაციის მიერ თსსუ პედიატრიულ კლინიკის ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში და ქუთაისის რეგიონულ ოფისში მოწყობილ და აღჭურვილ იქნა სპეციალური ლაბორატორიები, რითაც ბავშვებს მიეცათ საშუალება ჩაიტარებინათ ყველა ის აუცილებელი გამოკვლევები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში დიაბეტიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
1999 წლიდან დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა გადავიდა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში. ამ კომპანიის ხელმძღვანელთა ხელშეწყობით ყოველწლიურად წლის დასაწყისშივე ხდებოდა პროგრამის დაფინანსება, რითაც ასოციაციას ეძლეოდა საშუალება დროულად შეეძინა ინსულინი, შპრიც-კალმისტრები, ნემსები, გლუკომეტრები, სისხლის და შარდის ტესტ-სისტემები.
გარდა ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1996 წლიდან ასოციაციაში შეიქმნა რესპუბლიკაში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვების მონაცემთა ბაზა, დიაბეტის ნაციონალური რეგისტრი, რომელიც თავისი შესაძლებლობითა და ინფორმაციის სრულყოფით, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით უნიკალურია. აღნიშნული ბაზა საშუალებას იძლევა მივიღოთ არა მარტო ამომწურავი ინფორმაცია პაციენტის მკურნალობის შესახებ წლების მიხედვით, არამედ, იგი გვაძლევს საშუალებას საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ქსელით გაიგზავნოს ინფორმაცია საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში საკონსულტაციოდ (მათ შორის რეტინოპათიის შემთხვევაში თვალის ფსკერის ფოტოსურათებიც). მონაცემთა ბაზის შექმნამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ინსულინის მოხმარების ოპტიმიზაცია.

პირველი “ დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი “ გაიხსნა 1998 წ. 24   ოქტომბერს   ქ.თბილისში,  თბილისობის დღესასწაულზე . ცენტრი განთავსდა პ. ქავთარაძის ქ. #27-ში , დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე.  გახსნის  საზეიმო ცერემონიალში  მონაწილეობდნენ  საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  და მასთან ერთად  მოწვეული სხვა მაღალი  რანგის  სახელმწიფო – პოლიტიკური  თანამდებობის პირები  (პარლამენტის წევრები,  მინისტრები) , ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობისა და  მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები   და   საპატიო სტუმრები, რომელთა    შორის  უპირველესი   გახლდათ  ჩვენს  მიერ  ოფიციალური   მოწვევით  ჩამობრძანებული,  ჩვენი ასოციაციის  ერთგული  მეგობარი და  გულშემატკივარი, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის  ( IDF ) პრეზიდენტი    ქალბატონი  მარია დე ალვა . ახლად გახსნილ  ცენტრს  საქართველოს   და  დიაბეტის საერთაშორისო   ფედერაციის პრეზიდენტებმა უმაღლესი  შეფასება  მისცეს  და  აღნიშნეს  რომ  ცენტრი  იყო საერთაშორისო დონის  და იგი  აკმაყოფილებდა  უმაღლესი  ხარისხის   ყველა სტანდარტს.

დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის, ზოგადად კი ასოციაციის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა 2001 წ. 17 მარტის #219 განკარგულებით
საქართველოში დიაბეტიან ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობაში, ნაყოფიერი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის , დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის წევრები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით და გამოეცხადათ მადლობა, კერძოდ,
ღირსების ორდენით:
კობა ამირხანაშვილი – ასოციაციის პრეზიდენტი, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ასოციაციის წევრი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ღირსების მედლით:
თეიმურაზ ვარდოსანიძე – ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
ზურაბ სეხნიაშვილი – მედიცინის მეცნ. კანდიდატი, ბავშვთა რესპუბლიკური ენდოკრინოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი.
გამოეცხადათ პრეზიდენტის მადლობა:
თინათინ ჩანტლაძეს, ექიმ-ენდოკრინოლოგს.
მარინა გორდელაძეს, ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნ. კანდიდატს, დოცენტს.
ლამზირა კომშიაშვილს, ექიმ-ენდოკრინოლოგს.
თამილა ლაფანაშვილს, ექიმ-ენდოკრინოლოგს.
ეკა ცხადაძეს, ექიმ-პედიატრს.
სვეტლანა კარგიევას, ბიოლოგ-ლაბორანტს