საზოგადოებრივი მოძრაობა
“ვიცხოვროთ დიაბეტთან ერთად” 

2009 წლის 17 ნოემბერს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტის პროფ. კობა ამირხანაშვილის თაოსნობით დაფუძნდა საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა “ვიცხოვროთ დიაბეტთან ერთად”. 
მოძრაობის დაფუძნება მოხდა დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დიდ სააქტო დარბაზში, სადაც დიაბეტის მსოფლიო დღეს აღნიშნავდნენ დიაბეტიანი ბავშვები და მოზარდები, მათი მშობლები, მოზრდილი პაციენტები, ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

მოძრაობის მიზანია, მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რათა სახელისუფლებო ნომენკლატურამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს დიაბეტიან პაციენტებს მათთვის ყოველგვარი დახმარების გაწევის მიზნით (მედიკამენტებითა და სამედიცინო გამოკვლევებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დაზღვევა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია).
დამსწრე საზოგადოებამ მოძრაობის ლიდერად ერთხმად აირჩია პროფ. კობა ამირხანაშვილი.
როგორც მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, ეს გაერთიანება გახსნილია ყველა მოქალაქისათვის, არ ითვალისწინებს არანაირ შეზღუდვას წესდების ფარგლებში. მოძრაობაში გაწევრიანება და ამ მოძრაობიდან გასვლა თავისუფალია (ამის შესახებ უნდა ეცნობოს მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელსაც მოძრაობის ლიდერი ადგენს). 
პროფ. კობა ამირხანაშვილმა დარბაზს წარუდგინა მოძრაობის სიმბოლიკა, (ლოგო) რომელიც თეთრ ფონზე ასიმეტრიულ ლურჯ წრეს წარმოადგენს, მის გულში ასევე თეთრ ფონზე არის აბრევიატურა, “LWD“ რაც ნიშნავს “LIVE WITH DIABETES” (ვიცხოვროთ დიაბეტთან ერთად). 
დასასრულს პროფ. კობა ამირხანაშვილმა აღნიშნა, რომ ახლადდაფუძნებული მოძრაობის შესახებ, ინფორმაცია გაეგზავნებოდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციას (IDF) და სხვადასხვა ქვეყნების დიაბეტურ ასოციაციებს და ფედერაციებს.

მოძრაობაში გაწერვიანების მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ასოციაციის საკონტაქტო მისამართზე.