დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა 2008წ. 14 ნოემბერს. შენობის “A“ ფლიგელში განთავსდა ლაბორატორია, (გლიკოჰემოგლობინის განსასაზღვრად); ინსულინის შესანახი სამაცივრო დანადგარი; სხვადასხვა მედიკამენტებისა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების საწყობი (პირველ სართულზე) დიაბეტიანი პაციენტებისა და მათი მშობლების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ოფისები და სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაცია (მე-2, 3 სართულები). მე-4 სართულზე მდებარეობს მცირე სააქტო დარბაზი რომელიც გათვალისწინებულია 60 ადამიანზე. შენობის ცენტრალური ნაწილი და “B“ ფლიგელი ძირითადად გამოყენებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის. კერძოდ: შენობის ნულოვან სართულზე განთავსებულია უახლესი ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრები (თავისი გასახდელებით); შენობის პირველ სართულზე მდებარეობს მთავარი სპორტდარბაზი, გასახდელები, ექიმის კაბინეტი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური სანკვანძები; მეორე სართული დათმობილი აქვს სპორტკაფეს; მესამე სართულზე განთავსებულია სარეაბილიტაციო ცენტრის ადმინისტრაცია და სათათბირო ოთახები; მეოთხე სართულზე მდებარეობს დიდი სააქტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული, აუდიო და ციფრული ტექნიკით, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის შეკრებები (სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, პრეზენტაციები). დარბაზი იტევს 220 კაცს. შენობას აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ტექნიკური ბლოკები (გათბობა, ელ-მომარაგება, დიზელგენერატორი) და საერთაშორისო სტანდარტების პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეასავლელად. ამ უკანასკნელთათვის შენობის “B” ფლიგელში დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას შეუფერხებლად მოხვდნენ სასურველ სართულზე. გახსნის დღიდან სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით ხორციელდება დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა.