დიაბეტისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანია  სისხლში შაქრის (გლუკოზის) ჭარბი რაოდენობით შემცველობა. შაქარს კი ვიღებთ საკვებიდან. მაგ.: პური, ბრინჯი, მაკარონი, რძის პროდუქტები და ა.შ. ორგანიზმი ამ მიღებულ შაქარს იყენებს, როგორც ენერგიას,რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ვირბინოთ, ვითამაშოთ, ვიცუროთ და ა.შ. გლუკოზის ენერგიად გარდაქმნა ხდება უჯრედში. იმისათვის რომ სისხლში არსებული შაქარი გადავიდეს უჯრედში, საჭიროა გასაღები, რომელიც გაუღებს უჯრედის კარს. სწორედ ასეთი გასაღებია ინსულინი. როცა ინსულინი არ არის ან არის არასაკმარისი რაოდენობით, გლუკოზა ვეღარ გადადის უჯრედში, რჩება სისხლში და სისხლში მისი რაოდენობა არის მაღალი.

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის ბეტა უჯრედებში. პანკრეასი საჭმლის მომნელებელი ორგანოა, მას სხვაგვარად კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. პანკრეასში ასევე სხვა ნივთიერებებიც ( ფერმენტები) გამომუშავდება, რომელიც შემდეგ ხვდება ნაწლავებში და საკვების მონელებას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტის დროს საჭმლის მომნელებელი ფუნქცია არ ზიანდება.

რაც შეეხება დიაბეტს, ყველაზე გავრცელებული შაქრიანი დიაბეტის პირველი და მეორე ტიპებია.

ბავშვთა ასაკში, როგორც წესი ტიპი 1 დიაბეტი გვხვდება. ამ დროს ზუსტად ის, ბეტა- უჯრედები ზიანდება, რომელიც ინსულინს გამოიმუშავებს. ორგანიზმი თვითონ წარმოქმნის ამ უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულებს და ნელ-ნელა ანადგურებს თავისივე უჯრედებს. იმ  მომენტში, როცა უკვე გამოვლინდება დიაბეტი, უჯრედების 90% უკვე განადგურებულია.

ასეთი დიაბეტის დროს აუცილებელია ინსულინის გარედან შეყვანა, ამიტომ მილიონობით ადამიანს   მთელ მსოფლიოში, ჭირდება ინსულინის ინექციები.

ტიპი 1 დიაბეტისაგან თავის დაზღვევა სამწუხაროდ შეუძლებელია.ექიმებმა წინასწარ არ იციან ვის დაემართება და ვის არა.  დიაბეტის ამ ტიპს ინსულინდამოკიდებულსაც უწოდებენ, ასევე ცნობილია იუვენილური დიაბეტის სახელითაც.

დიაბეტის სხვა ფორმა, ტიპი 2, ძირითადად მოზრდილებში ვითარდება,. ამ დროს მკურნალობა ტაბლეტებით მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა ინსულინიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში გახშირდა ტიპი 2-ის შემთხვევები ბავშვებსა და მოზარდებში, განსაკუთრებით სიმსუქნის ფონზე.

ასევე ცნობილია დიაბეტის განსხავავებული ტიპი MODY, რომელიც უფრო იოლად მიმდინარეობს, ხშირად არ საჭიროებს ინსულინს და ძირითადად გვხვდება, როგორც ოჯახური ფორმა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე მოცემულია დიაბეტი ტიპი I-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 0-14 წწ, ყოველ 100 000 ბავშვზე წელიწადში.

გლუკოზა როგორც უკვე ვთქვით, სისხლში გვხვდება მიღებული საკვების გადამუშავების შედეგად. ნაწილი გარდაიქმნება ენერგიად, ნაწილი კი გროვდება ღვიძლში, კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილში მარაგის სახით, რომელიც შემდეგ საჭიროების დროს (კვებებს შორის შუალედი, ფიზიკური დატვირთვის დროს და ა.შ.) გლუკოზად იშლება. ეს ყველაფერი ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონების – გლუკაგონის,  ადრენალინის და ა. შ. საშუალებით.

ამ მარეგულირებელი ფაქტორების მეშვეობით გლუკოზის დონე მერყეობს გარკვეულ ფარგლებში 3,3-5,5 მმოლი/ლ და 7,8მმოლი/ლ კვებიდან 2 სთ-ის შემდეგ. ასეთ ციფრებს ნორმოგლიკემია ჰქვია. მომატებულ შაქრის დონეს სისხლში- ჰიპერგლიკემია, შემცირებულს- ჰიპოგლიკემია ეწოდება.