კვებას, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს დიაბეტის მკურნალობაში ინსულინთან და თვითკონტროლთან ერთად. ისტორიული დროიდან კვებითი რეკომენდაციები დიაბეტიანი ადამიანებისთვის იყო სხვადასხვა. საინტერესოა, რომ თვიდან დიაბეტის სამკურნალოდ სთავაზობდნენ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, რადგან ფიქრობდნენ ამით შეივსებოდა ის გლუკოზა, რომელსაც კარგავდა ორგანიზმი შარდთნ ერთად. შემდეგ კი პირიქით, დიაბეტის მთავარ მიზეზად ნახშირწყლების მიღებას თვლიდნენ და შაქრისშემცველ პროდუქტებს საერთოდ იღებდნენ დიეტიდან. მაგრამ, ეს უკვე დაძველებული მეთოდებია და დღეს დიაბეტის მკურნალობაში ინსულინის დანერგვის წყალობით, შესაძლებელი გახდა ჯანმრთელი ადამიანის რაციონის მსგავსი საკვების მიღება. ამიტომაც, დიაბეტიან ბავშვებს შეუძლით თითქმის ყველაფერი მიირთვან, თუ მათ ეცოდინებათ პროდუქტებში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა. ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტიანი ადამიანების კვების მოდელი, თუ სურს იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დიდხანს შეინარჩუნოს ფიზიკური და სულიერი სიმხნევე.

კვების ძირითადი პრინციპები კი ასეთია:

 დიეტა ფიზიოლოგიურად დაბალანსებული უნდა იყოს, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ასაკთან შესაბამისი თანაფარდობით;

 კვების საერთო კალორაჟი უნდა იყოს ადეკვატური ბავშვის ასაკთან;

 საკვებმა უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებით, მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით;

 აუცილებელია ნორმალური ზრდის ტემპის და წონის შენარჩუნება, ბავშვის ინტელექტუალური განვითარების უზრუნველყოფა;

 კვება უნდა იყოს სამჯერადი: საუზმე, სადილი, ვახშამი და მათ შორის წახემსებები ხილის, ბოსტნეულის სახით (პურის გარეშე);

 ნახშირწყლების სახე და რაოდენობა უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ თავიდან ავიცილოთ გლუკოზის მკვეთრი მერყეობა;

 აუცილებელია საკვების რეგულარული მიღება და კვების რეჟიმის მკაცრი დაცვა, რადგან მოუწესრიგებელი კვების დროს ძნელია გლიკემიის მართვა. თუ ინექციის შემდეგ კვება დაგვიანდა, შეიძლება შაქრის დონე სისხლში მკვეთრად დაეცეს და განვითარდეს ჰიპოგლიკემია;

 ბავშვს უნდა შეეძლოს მიღებული საკვების რაოდენობის გამოთვლა პურის ერთეულების სისტემის მიხედვით (განვიხილავთ დაბლა);

 უნდა იცოდეს სხვადასხვა სახის ექვივალენტური პროდუქტების ჩანაცვლება, რათა თავისუფლად შეძლოს საკვების მიღება სახლის გარეთ;

 შეძლებისდაგვარად საჭიროა კვების მორგება ბავშვის კვებასთან და არა მისთვის კერძის ცალკე მზადება;

დიაბეტიანი ბავშვების დიეტა მიზნად ისახავს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ნორმასთან მიახლოებულ თანაფარდობას:

ნახშირწყლები – 50-60 % ;

ცილები – 15-20 %;

ცხიმები – 25–30 %;

ცილები

ცილა – ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობს. იგი არის უჯრედების საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთური მასის საფუძველი, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნიტეტს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ცილების საკმარისი რაოდენობა შემდეგი პროდუქტების სახით: ცხოველური ცილები (ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები), მცენარეული ცილები (ბარდა, ლობიო, ნიგოზი, სოკო).

ცილებით მდიდარი საკვები

ცხიმები

 ცხიმი საჭიროა საკვების ნორმალურად მონელებისთვის, ორგანიზმში ასრულებს ენერგიის ძირითადი წყაროს როლს, იღებს მონაწილეობას ვიტამინებისა და მინერალე­ ბის ათვისებაში. ცხიმები გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედებში. ცხოველურ ცხიმებს შეიცავს: კარაქი, ღორის ქონი, მაიონეზი, რძისა და ხორცის პროდუქტები. მცენარეულს კი – ნიგოზი, მზესუმზირა, სიმინდი, ზეთისხილი, ქოქოსი და მათი ზეთები .

 ცხიმები, დიაბეტიანი ბავშვების კვებაში არ უნდა შეადგენდეს საკვების საერთო კალორაჟის 30-35 % -ზე მეტს. აქედან არასასურველია ისეთი ცხიმიანი საკვების მიღება, როგორიცაა კარტოფილი ფრი, ჩიფსები, ჰამბურგერი, საჭიროა თავის არიდება შემწვარი საკვებისგან. მოზარდების რაციონში სასურველია ნაკლებად ცხიმიანი ან უცხიმო რძის მიღება, მაგრამ 5 წლამდე ბავშვებში ეს დაუშვებელია, რადგან მასში არის ვიტამინ A-ს დაბალი შემცველობა, ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმი და შესაბამისად დაბალი კალორიულობა.

ცხიმების დღიური დოზის 75 % უნდა იყოს წარმოდგენილი მცენარეული ცხიმებით.

 ცხოველური და მცენარეული ცხიმები

ნახშირწყლები

ბავშვის კვებაში (აგრეთვე დიდებშიც) ნახშირწყლებს უკავიათ განსაკუთრებული ადგი­ ლი, რადგან ისინი წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმში გლუ­კოზის­ სახით, რაც აუცილებელია ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს, განსა­კუთრებით კი თავის ტვინის, გულის, კუნთების ფუნქციონირებისათვის. ნახშირ­წყლებით მდიდარი პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მი­ნერალურ­ ნივთიერებებს, რომელიც საჭიროა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.


გლუკოზა შეიწოვება სისხლში, სადაც ხდება მისი დაშლა და ენერგიად გარდაქმნა. სწორედ სისხლში შეწოვის სიჩქარით ნახშირწყლები იყოფა მარტივ და რთულ ნახშირწყლებად.

 მარტივი
(ანუ სწრაფი) ნახშირწყლები ორგანიზმში ადვილად იშლებიან, სწრაფად შეიწოვებიან,
რის გამოც იწვევენ სისხლში შაქრის დონის სწრაფად მატებას. ესენია: ე.წ. მონოსაქარიდები
და დისაქარიდები .
მონოსაქარიდებია:
 
ყურძნის შაქარი – გლუკოზა (ყურძენი-მისი მიღება შეიძლება მხოლოდ შეზღუ­ დული
რაოდენობით);
 
ხილის შაქარი – ფრუქტოზა (შაქრის ტიპი, რომელიც გვხვდება ძირითადად ხილში,
ბოსტნეულში და თაფლში). ორგანიზმში მოხვედრისას ფრუქტოზა გადამუშავდება გლუკოზად. მას
დიდი რაოდენობით შეიცავს ხურმა და ლეღვი, რის გამოც მათი მიღება არასასურველია!
 
დისაქარიდებია:
 
ჩვეულებრივი შაქარი – საქაროზა (შაქრის შემცველი სასმელები და საკვები). მათი
გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჰიპოგლიკემიის დროს, რადგან იწვევენ შაქრის სწრაფად აწევას.
 
რძის შაქარი – ლაქტოზა (შედის ყველა რძის პროდუქტში, გარდა ხაჭოსა და ყველისა).
ამიტომ, მათი მიღების დროს საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ასეთი შაქრის რაოდენობა.
 
ალაოს შაქარი – მალტოზა (ქერი).

 

მარტივი (ანუ სწრაფი) ნახშირწყლები.

პროდუქტები და საკვების ჩამონათვალი, რომლებიც მარტივ ანუ სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავენ: შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები ( ნაყინი, მურაბები, ჯემები); თაფლი; თეთრი პური და თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები (ნამცხვრები, ტორ­ ტი, ორცხობილები, ფუნთუშები); ტკბილი, გაზიანი სასმელები; ალკოჰოლი, ლუდი; „ფასტ-ფუდი“ და სხვ. სწორედ „სწრაფი“ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღება შეზღუდულია დიაბეტის დროს.
რთული ნახშირწყლები ან როგორც მათ უწოდებენ, „ნელი“ ნახშირწყლები შედგებიან ორზე მეტი მოლეკულისგან, ამიტომ,
სანამ ორგანიზმი შეძლებს მათ ათვისებას, ჯერ იშლებიან მარტივ ნახშირწყლებად, ნელა შეიწოვებიან
სისხლში და შესაბამისად არ იწვევენ სისხლში შაქრის დონის სწრაფად მატებას. მათ შეიცავს
პარკოსნები (ლობიო, ბარდა); ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, ხილი, უხეშად დაფქული ხორბალი,
ბურღულეული (შვრია, ქერი, წიწიბურა, ველური ბრინჯი), მყარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული
მაკარონის ნაწარმი .

რთული (ანუ ნელი) ნახშირწყლები

არსებობს რთული ნახშირწყლების სახეობა, რომლებიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ასეთია უჯრედისი, რომელიც წარმოადგენს მცენარეების საფუძველს. იგი ორგანიზმში ბევრ პროცესს აკონტროლებს: პირველ რიგში ხელს უწყობს პროდუქტების მონელებას ისე, რომ არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას; წმენდს ნაწლავებს; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს; მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციაში .

უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტები.

ყველაზე დიდი ოდენობით უჯრედისი გვხვდება ცოცხალ ბოსტნეულში, ხილში, მარცვლეულსა და პარკოსნებში. მწვანე ლობიო, გრეიფრუტი, ლიმონი, მარწყვი და შავი მოცხარი, ასევე, შვრია, ჭვავი და ხორბალი საკმაო რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ. გახსოვთ ალბათ, დილით შვრიის ფაფა დღის საუკეთესო დასაწყისად რომ ითვლება.

 აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უჯრედისი ხორცში, რძის პროდუქტებში და საერთოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში არ გვხვდება. ბურღულეული კი ძირითადად გადამუშავების დროს აბსოლუტურად იწმინდება უჯრედისისგან. ამიტო­ მაც საკვები უნდა გავამდიდროთ:

 

  • პარკოსანი მცენარეებით (ოსპი, ლობიო, ბარდა);

  • ბოსტნეულით;

  • ხილით;

  • თხილეულით;

  • ყავისფერი ბრინჯით;

  • სრულმარცვლოვანი ბურღულეულით (ხორბალი, შვრია, ქერი);

იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ და შევარჩიოთ სასურველი მენიუ, საჭიროა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის მატებას. ნახშირწყლების შემცველი საკვების დიდი არჩევანი შესაძლებელს ხდის შევადგინოთ ჯანმრთელი და მრავალფეროვანი მენიუ.

 

ამჟამად არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება რაციონალურად და გემრიელად კვებაში. ესენია:

 

  • პურის ერთულების გამოთვლის მეთოდი;

  • გლიკემიური ინდექსის მეთოდი;

  • ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი;

  • თეფშის მეთოდი;

  • ხელის მეთოდი;

  • კვების პირამიდა;