იმისათვის, რომ სრულყოფილად ვმართოთ დიაბეტი, შაქარი გვქონდეს ნორმაში და თავიდან ავიცილოთ გართულებები, საჭიროა თვითკონტროლი და მუდმივი მონიტორინგი.
უნდა გვახსოვდეს, რომ თვითკონტროლის ძირითადი არსი არამარტო გლუკოზის დონის რეგულარული შემოწმებაა, არამედ საჭიროა მიღებული შედეგების ანალიზი, დოზის დამოუკიდებელი კორექცია და გარკვეული ქმედებების დაგეგმვა მდგომარეობის გამოსასწორებლად.
გლუკოზის მონიტორინგი შეიძლება შევადაროთ ავტომობილში საწვავის დონის კონტროლს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ დაიწიოს ან არ აიწიოს ნორმაზე მაღლა შაქრის დონემ.
მონიტორინგის მიზანია, შაქრის მაჩვენებლები იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული ნორმასთან. ასეთ მდგომარეობას დიაბეტის კომპენსაცია ეწოდება, ხოლო მდგომარეობას, როცა გლუკოზა სისხლში მუდმივად ან ხშირად მომატებულია დიაბეტის დეკომპენსაცია ჰქვია.
ხშირად პატარა ბავშვებს ჩხვლეტის ეშინიათ, წინააღმდეგობას გვიწევენ ანალიზის აღებისას. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ჩხვლეტა არ არის მტკივნეული. ამის დასადასტუ რებლად შეიძლება ჩვენც ავიღოთ ანალიზი და დავანახოთ, რომ არაფერია საშიში.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს გლუკოზის დონის შემოწმება აუცილებელია ყოველდღიურად, როგორც წესი ძირათადი კვებებისა და ძილის წინ. გლიკემიას ვსაზღვრავთ, რათა შევაფასოთ, როგორ იმოქმედა უკვე გაკეთებული ინსულინის დო ზამ და გადავწვიტოთ, რამდენი ერთეული გავაკეთოთ ამჯერად. ასევე პერიოდულად უნდა გავზომოთ ღამის განმავლობაშიც, რათა არ გამოგვეპაროს ღამის ჰიპოგლიკემია. განსაკუთრებით, თუ ხშირია დილის ჰიპერგლიკემია, ამ დროს ბავშვი იღვიძებს დაღლილი, თავის ტკივილით, ხშირად ხედავს ცუდ სიზმრებს.
უფრო ხშირი გაზომვა დაგვჭირდება ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს, ფიზიკური დატვირთვის, ჩვეული დღის რეჟიმის ცვლილების დროს და ა.შ.
სისხლში გლუკოზის თვითკონტროლი
სახლში გლუკოზის კონტროლს გლუკომეტრების საშუალებით ვახორციელებთ. გლუკომეტრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფორმის, ზომის, საჭირო სისხლის რაოდენობის, მეხსიერების მოცულობით და ა.შ.
სხვადასხვა სახის გლუკომეტრები
არსებობს ორი სახის გლუკომეტრი: ფოტომეტრული და სენსორული.
ფოტომეტრული აპარატების მოქმედების პრინციპი ეფუძნება ფერის ოპტიკურ აღქმას, ისევე როგორც ადამიანის თვალისა. იგი ზომავს ტესტ-ზონის შეფერილობას, რომელიც წარმოიქმნება ტესტ-ჩხირებზე დაფარულ სპეციალურ ნივთიერებასთან სისხლის გლუკოზის ზემოქმედებით (რაც მეტია სისხლში გლუკოზა, მით მუქია შეფერილობა).
სენსორული გლუკომეტრის პრინციპი კი ეფუძნება ელექტროქიმიურ რეაქციას, რა დროსაც ხდება ელექტრული დენის განსაზღვრა, რომელიც წარმოიქმნება ასევე სისხლში გლუკოზის ზემოქმედებით საანალიზო ტესტ-ჩხირზე დატანილ ქიმიურ ნივთიერებასთან .
გლუკოზის მაჩვენებელს საზღვრავენ მმოლ/ლ-ში ან მგ/დლ-ში. იმისათვის რომ მმოლი/ლ-ზე გადავიყვანოთ მგ/დლ-ში, ვამრავლებთ 18-ზე და პირიქით. მაგ.: 10 მმოლი/ ლ-ზე არის 180 მგ/დლ-ის ექვივალენტი. საქართველოში გამოიყენება ორივე მაჩვენებე ლი.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგი უპირატესობების გამო სენსორულმა გლუკომეტრებმა უკანასკნელ წლებში უფრო ფართო გამოყენება მოიპოვეს (მაღალი სიზუსტე, ნაკლები სისხლის რა-ბა და სხვ.)
სენსორული გლუკომეტრი
ზოგიერთი გლუკომეტრი შაქარს საზღვრავს სისხლში, ზოგი კი სისხლის პლაზმაში. როგორც წესი პლაზმაში გაზომვისას 10-12 %-ით მეტია მნიშვნელობა, ვიდრე სისხლში გაზომვისას.
რაც შეეხება გაზომვის სიზუსტეს, ერთდროულად ორი გლუკომეტრით, დასაშვებია განსხვავებამ 10-15 % შეადგინოს. ცდომილების თავიდან ასაცილებლად სასურველია კონტროლი ერთიდაიგივე აპარატით ტარდებოდეს.
მცდარი მაჩვენებელი შეიძლება მოგვცეს:
თითებზე არსებულმა შაქარმა;
როცა თითი არის სველი;
ჩხირი ვადაგასულია;
სისხლი არ არის საკმარისი;
თითზე სპირტის ნარჩენია;
ძლიერად ვუჭერთ თითს სისხლის წვეთის მისაღებად.
ჩხვლეტა ხორციელდება სპეციალური საჩხვლეტის – ლანცეტის მეშვეობით, რომელიც პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ჩხვლეტა სასურველია თითის გვერდითა ზედაპირზე მოხდეს, რადგან ნაკლებად მტკივნეულია და ხორცდება იოლად .
სისხლის ასაღები ლანცეტი
გლუკომეტრი accu-chek performa
არსებობს გლუკომეტრის უკონტაქტო ტიპი, როცა კანზე მაგრდება (ძირითადად ზედა კიდურზე) სენსორი, რომელიც ავტომატურად ზომავს და ინახავს გლუკოზის მაჩვენებლებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. მონაცემების წაკითხვა სკანირებით შეიძლება, რომელსაც სულ ერთი წამი სჭირდება და ტანსაცმელიც არ უშლის ხელს. თითოეული სკანირებით ვიღებთ ბოლო 8 საათის მონაცემებს და მითითების ისარს, რომელიც გვიჩვენებს გლუკოზის ცვლილების მიმართულებას.
სენსორი არის წყალგამძლე, არ ზიანდება შხაპის მიღების, ცურვის, ვარჯიშის დროს.
უკონტაქტო გლუკომეტრის სენსორი
უკონტაქტო გლუკომეტრი
აუცილებელია ყველამ აწარმოოს თვითკონტროლის დღიური, სადაც დავაფიქსირებთ ყოველდღიურად გაზომილ გლუკოზის მაჩვენებელსა და ინსულინის დოზებს. შენიშვ ნების გრაფაში შეიძლება ჩავწეროთ ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის შესაძლო მიზეზები, ფი ზიკური დატვირთვა და ა.შ. ჩანაწერების დღიური უნდა განვიხილოთ ექიმთან ერთად, რომელსაც შეეძლება შეაფასოს კომპენსაციის ხარისხი, მოგვცეს გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები.
გლუკოზის კონტროლისათვის არსებობს აგრეთვე მოწყობილობა, რომელსაც გლუკოზის ხანგრძლივი მონიტორინგის სისტემა (Continuous Glucose Monitoring System) ეწოდება. იგი კანქვეშ შეყვანილი სენსორის მეშვეობით ახდენს გლუკოზის განსაზღვრას ყოველ 5 წუთში რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ რადგან სისტემა საზღვრავს გლუკოზას არა სისხლში, არამედ უჯრედშორის სითხეში, იგი ნაკლებად შეიძლება გამოვიყენოთ კონკრეტულ მომენტში გლიკემიის შესაფასებლად. თუმცა, სენსორის მაჩვენებლები გვეხმარება შევაფასოთ გლუკოზის ცვლილების ტენდენცია, მაგ., ღამის პერიოდში მოულოდნელი ჰიპოგლიკემიის განვითარების დროს.
შარდში შაქრისა და აცეტონის მონიტორინგი
როდესაც შაქარი სისხლში აღწევს გარკვეულ მაჩვენებელს, მაგ.: 9-10 მმოლ/ლ, თირკმელს უკვე აღარ შეუძლია გლუკოზის შეკავება და შაქარი გადადის შარდშიც. გლიკემიის ამ მაჩვენებელს თირკმლის ზღურბლი ეწოდება.
მაღალი გლიკემიით გამოწვეული ხშირი შარდვა იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვანებას და გამოშრობას, რის შედეგად პაციენტს უჩნდება გაძლიერებული წყურვილის გრძნობა და შესაბამისად ის საჭიროებს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.
შარდში გლუკოზას და აცეტონს ვზომავთ სპეციალური ტესტ-ჩხირების მეშვეობით . გლუკოზის გაზომვა მიგვითითებს გლუკოზის მნიშვნელობაზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში და არ გვაძლევს წარმოდგენას ამ წუთას არსებულ მაჩვენებელზე. ამიტომ მას უფრო ნაკლები სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.
უფრო მნიშვნელოვანია შარდში აცეტონის (კეტონების) შემცველობა.
შარდში კეტოსხეულების (აცეტონის) აღმომჩენი ტესტ-ჩხირები
შარდში გლუკოზისა და აცეტონის განსაზღვრა
ინსულინის უკმარისობისას, როგორც უკვე ვთქვით, გლუკოზას ენერგიის წყაროდ ვეღარ ვიყენებთ. ამ შემთხვევაში, ენერგიის მისაღებად ცხიმები გამოიყენება, რომელსაც უჯრედში მოსახვედრად ინსულინი სულაც არ ჭირდება. შედეგად იწყება ორგანიზმის ცხიმების მარაგის წვა და შესაბამისად წონაში კლება.
რაც შეეხება უჯრედში მოხვედრილ ცხიმს, იგი იშლება ცხიმოვან მჟავებად და გამოყოფს ენერგიას. ცხიმოვანი მჟავებისგან ღვიძლში კეტონები წარმოიქმნება. კეტონები გადადის შარდშიც.
კეტონები საშიშია ორგანიზმისათვის. მათი დიდი რაოდენობა იწვევს გულისრევა-ღებინებას, მუცლის ტკივილს, გაძნელებულ სუნთქვასა და ზოგ შემთხვევაში კეტოაციდოზურ (ჰიპერგლიკემიურ) კომასაც კი.
კეტონები შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ხანგრძლივად ვშიმშილობთ, საერთოდ არ ვიღებთ ნახშირწყლებს. ამ დროს ინსულინი შეიძლება იყოს საკმარისი, თუმცა არ გვაქვს გლუკოზა და შესაბამისად ისევ ცხიმების დაშლით ვიწყებთ არსებობისათვის საჭირო ენერგიის მიღებას.
ამგვარად, როცა შარდში არც გლუკოზაა და არც აცეტონი, მაჩვენებელი ნორმაა:
თუ, არ არის გლუკოზა და გვაქვს კეტონები – ე.ი. ნახშირწყლოვანი უკმარისობაა;
თუ, გლუკოზაცაა და აცეტონიც, ინსულინის უკმარისობასთან გვაქვს და საჭიროა ექიმის რჩევაზე დაყრდნობით ჩავამატოთ ხანმოკლე/ულტრახანმოკლე ინსულინის დოზა;
აცეტონის ხშირად განსაზღვრას აზრი არა აქვს. თუმცა აუცილებელია რიგ შემთხვევებში.
კერძოდ:
თუ, სისხლში შაქრის დონე აღემატება 15 მმოლ/ლ-ს (270 მგ/დლ) 24 საათის განმავლობაში;
თუ, გლუკოზურიას აქვს მუდმივი ხასიათი, სხვადასხვა დაავადების, მწვავე ინფექციების დროს;
გულისრევისა და ღებინების დროს;
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის წინ;
გლიკოზირებული ჰემოგლობინი HbA1c
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70 წლებში შეამჩნიეს გლუკოზის უნარი ნაერთი წარმოქმნას ორგანიზმის ცილებთან (ალბუმინი, კოლაგენი, ჰემოგლობინი და სხვ.) ამ პროცესს გლიკოზირება ეწოდება. როცა დიაბეტი დეკომპენსირებულია, ცილების გლიკოზირება გაზრდილია. ცილებში ჩართული გლუკოზა იწვევს ცილების ფუნქციის დარღვევას.
ცილები შედიან ნერვულ, სისხლძარღვოვან, თირკმლის და ორგანიზმის სხვა ქსოვილთა შემადგენლობაში.
ცილების ფუნქციის დარღვევა კი გართულებების განვითარებას უწყობს ხელს.
ამგვარად, ერითროციტებიც იგროვებენ გლუკოზას ჰემოგლობინთან ნაერთის სახით. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით სამი თვეა. ამგვარად ჰემოგლობინის გლიკოზირების ხარისხი, ბოლო სამი თვის გლუკოზის მაჩვენებლებზეა დამოკიდებული. ასეთ გლუკოზასთან დაკავშირებულ ჰემოგლობინს გლიკოზირებული ჰემოგლობინი ეწოდება. რაც მეტია სისხლში შაქრის კონცენტრაცია, მით მაღალია გლიკოზირებული ჰემოგლობინის მნიშვნელობა
გლიკოზირებული ჰემოგლობინის წარმოქმნის სქემა
ძირითადად საზღვრავენ გლიკოზირებული ჰემოგლობინის HbA1c ფრაქციას. ანალიზი ლაბორატორიაში ტარდება და მისი მნიშვნელობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციის ხარისხსა და გლუკოზის საშუალო მაჩვენებლებზე სისხლში, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში.
არსებობს საკმაოდ ზუსტი შესაბამისობა გლიკოზირებული ჰემოგლობინის შედეგსა და შაქრის საშუალო დონეს შორის დღე-ღამის განმავლობაში.
სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლის
შესაბამისობა გლუკოზის დონესთან