ასოციაციის საპატიო წევრები

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციას, დაარსების დღიდან ოცდახუთი წლის მანძილზე, ბევრი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ჰყავდა. ესენი იყვნენ როგორც მაღალი სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირები (პრეზიდენტები, პარლამენტის წევრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები და სხვ.), ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა წარმატებით ხორციელდებოდა, სხვადასხვა დროს ხელისუფლებაში ჩნდებოდნენ ისეთი ჩინოვნიკებიც, ვინც ხელს უშლიდნენ დიაბეტიანი ბავშვებისა და ზოგადად დიაბეტიანი მოსახლეობის მკურნალობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებას. მათი მცდელობები შეეკვეცათ ან საერთოდ შეეწყვიტათ დიაბეტის სახელმწიფო პროგრამები, ქვეყანაში შემოეტანათ დაბალი ხარისხის ინსულინები და საანალიზო – ტექნიკური საშუალებები ჩვენი წინააღმდეგობის შედეგად უშედეგოდ სრულდებოდა. ასოციაციის მიმართ ძალადობის და უსამართლობის კულმინაცია იყო ( 2009-2011 წწ.) ხელისუფლების ზოგიერთი მაღალი თანამებობის პირის მცდელობა მიეთვისებინათ დიაბეტიანი ბავშვების ახლადაშენებული საერთაშორისო სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი. ეს ბოლო მცდელობაც ჩვენი მედგარი წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს გამოცემა საზეიმო და საიუბილეოა, ავტორებმა თავი შევიკავეთ იმ პირების სააშკარაოზე გამოტანისგან, ვინც ამ წლების განმავლობაში ყველანაირად აფერხებდა ჩვენ საქმიანობას და გადავწყვიტეთ წიგნში შეგვეტანა მხოლოდ იმ ხალხის სახელები ვინც დიაბეტიან ბავშვებს ყოველთვის უცხადებდნენ თანადგომას და თავისი გადაწყვეტილებებით მხარს უჭერდნენ ჩვენ ინიციატივებსა და წინადადებებს.

ასეთი პიროვნებების გამოსარჩევად 1993 წლიდან ასოციაციამ საერთო კრების გადაწყვეტილებით, შემოიღო საპატიო წევრის წოდება,რომელსაც მოგვიანებით დაემატა ოქროს მედლით დაჯილდოებაც.

ასოციაციის დაარსებიდან დღემდე ზემოთაღნიშნული საპატიო წევრის წოდებითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ ის პირები, ვინც თავი გამოიჩინეს დიაბეტიან ბავშვების დახმარებითა და საქველმოქმედო საქმიანობით.

ასოციაციის პირველი საპატიო წევრი გახდა აჭარის ავტონომიური რასპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე. მან ქვეყნისათვის უმძიმეს საომარი მდგომარეობის პერიოდში, 1993 წლის იანვარში, დააკმაყოფილა პირადად ასოციაციის პრეზიდენტის თხოვნა და შეისყიდა დიაბეტიანი ბავშვებისთვის ინსულინის ორი წლის მარაგი, რომელიც გადმოგვცა თბილისში თავისი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით. ამით გადარჩა ასეულობით ბავშვის სიცოცხლე, რომლებსაც სამწუხაროდ იმდროისთვის ასოციაციის გარდა სხვა მეურვე არ ჰყავდათ.

ასოციაციის რიგით მეორე საპატიო წევრი გახდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ რომელიც შედგა 1992 წლის 9 მარტს, ე.შევარდნაძე დიაბეტიანი ბავშვების და ზოგადად დიაბეტიანი მოსახლეობის გამოკვეთილი მხარდამჭერი გახდა. იგი ყოველთვის გულისყურით ეკიდებოდა ჩვენ თხოვნას, რაც რელიზდებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ე.შევარდნაძემ 1998 წლის ნოემბერში საზეიმო ვითარებაში გახსნა ჩვენი პირველი “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”.

ასოციაციის რიგით მესამე საპატიო წევრი გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. იგი ასოციაციის სახელით დასმულ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერდა და გვეხმარებო, რათა ისინი შეუფერხებლად გასულიყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჩვენ ყველა პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების მხრიდან უდიდი მხარდაჭერა გვქონდა.

ზურაბ ჟვანიას, ისევე როგორც ე.შევარდნაძეს, საპატიო დიპლომები გადაეცათ ასოციაციის წევრების თანდასწრებით დიაბეტიან ბავშთა ცენტრში სტუმრობის დროს.

მოგვიანებით ასოციაციის საპატიო წევრები და ოქროს მედლის ლაურეატები გახდნენ კომპანია “ნოვო ნორდისკის” ვიცე-პრეზიდენტი სერგეი სმირნოვი და ამავე კომპანიის კავკასიის რეგიონის მენეჯერი ვიქტორ ვლასოვი. მათ 2000-2010 წწ. ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს საქართველოს დიაბეტიან მოსახლეობას. ჩვენმა ქვეყანამ მრავალი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უფასო ინსულინი მიიღო, ხოლო ასოციაციამ სარებილიტაციო ცენტრის მშენებლობის დროს ფინანსური მხარდაჭერა. ამ წლებში კომპანია “ნოვო ნორდისკის” მხარდაჭერით ფუნქციონირებდა ექიმთა გადამზადების სერთიფიცირებული სასწავლო ცენტრი, ხოლო ასოციაციის ექიმები და სპეციალისტები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობდნენ თითქმის ყველა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში.

შემდეგ წლებში ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ ენდოკრინოლოგები, პროფესორი რამაზ ყურაშვილი და ლამზირა (ლეილა) კომშიაშვილი, ასევე საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. ამ უკანასკნელის მხარდაჭერით საგრძნობლად გაიზარდა დიაბეტიან ბავშთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება, რამაც მოგვცა საშუალება საგრძნობლად გაგვეზარდა ჩვენი ბავშვების საანალიზო – ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის დამსახურება,რაც დიაბეტიანი ბავშვებისა და მოსახლეობის წინაშე აქვს ასოციაციის საპატიო წევრსა და ოქროს მედლის ლაურეატს, საქართველოს მრავალი მოწვევის პარლამენტის წევრსა მიხეილ მაჭავარიანს . მან საქართველოს პარლამენტში საკუთარი სურვილით აიღო თავისთავზე პასუხისმგებლობა და 2004-2012 წწ. გააგრძელა ასოციაციის პრეზიდენტის მიერ დაწყებული დიაბეტის ლობირება მ. მაჭავარიანი ასოციაციასთან ერთად მუდმივად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, ასევე დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში. დეპუტატ მ. მაჭავარიანის დახმარებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჩვენს მიერ ინიცირებული მრავალი საკანონმდებლო წინადადება და მათ კანონების სახე მისცა.

ასოციაციამ 2014 წლის 14 ნოემბერს, თავის საპატიო წევრად აირჩია და ოქროს მედლით დააჯილდოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენ საკანონმდებლო წინადადებას საქველმოქმედო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რიგი შეღავათების დაწესების შესახებ. აღნიშნული ცვლილებები შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში სპეციალური პუნქტების სახით.

2016 წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის საერთაშორისო დღეს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიის ” დიდ სააქტო დარბაზში, სადაც საზეიმო ვითარებაში აღინიშნებოდა ასოციაციის დაარსებიდან 25-ე წლისთავი, საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის საპატიო წევრად არჩეულ იქნა ღვაწლმოსილი ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ ჩანტლაძე, რომელსაც ოქროს მედალთან ერთად გადაეცა ფულადი პრემიაც.

2017 წლის 14 ნოემბერს ასოციაციის საპატიო წევრად არჩეულ იქნა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

2018 წლის 27 აპრილს ასოციაციის გადაწყვეტილებით საპატიო წევრად იქნა არჩეული და ოქროს მედლით დაჯილდოვდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი პროფესორი ნამ ჩო

ასოციაციის საპატიო წევრები



ასლან აბაშიძე

ედუარდ შევარდნაძე

ზურაბ ჟვანია

სერგეი სმირნოვი

ვიქტორ ვლასოვი

ლამზირა კომშიაშვილი

რამაზ ყურაშვილი

ალექსანდრე კვიტაშვილი

მიხეილ მაჭავარიანი

ნოდარ ხადური

თინათინ ჩანტლაძე

ზაზა სოფრომაძე

ნამ ჩო