კომპანია “ნოვო ნორდისკი”
თავისი არსებობის პირველი წლებიდან ასოციაცია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ინსულინის მწარმოებელ დანიურ კომპანია “ნოვო ნორდისკთან”. ამ კომპანიის დამსახურებაა ის, რომ 1990-2000 წლების განმავლობაში დიაბეტიან ბავშვებს მიეწოდებოდა ასი ათასობით აშშ დოლარის ღირებულების უფასო მედიკამენტები და სხვადასხვა საანალიზო ტექნიკური საშუალებები, განსაკუთრებით კი მედიკამენტი “გლუკაგენი”, რომლის გამოყენებითაც ამ წლების განმავლობაში არ გვქონია ბავშვებს შორის ჰიპოგლიკემიური კომით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევები.
2000 წლიდან კომპანია “ნოვო-ნორდისკის” დახმარება საქართველოს დიაბეტიანი მოსახლეობის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ეს დაკავშირებული იყო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტად ბატონ ჰარი იტამერის დანიშვნასთან. ბატონი ჰარი იტამერი საქართველოში პირველად ჩამოვიდა ასოციაციის მოწვევით 2000 წლის მარტში, ასოციაციისა და კომპანია “ნოვო-ნორდისკის” მიერ ერთობლივად ჩატარებულ ჰუმანიტარულ აქციაზე, სადაც საქართველოს დიაბეტიან ბავშვებსა და მოზარდებს გადაეცათ ასი ათასი დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ინსულინი, საანალიზო ტექნიკური საშუალებები და სხვა საჩუქრები. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე. ამის შემდეგ ბატონი ჰარი იტამერის აქტიური მხარდაჭერით კიდევ რამდენიმე ჰუმანიტარული აქცია ჩატარდა ასოციაციის წევრი დიაბეტიანი ბავშვების დასახმარებლად.
საქართველოს დიაბეტანი მოსახლეობისათვის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2001 წელი, როდესაც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოცხადდა მრავალწლიანი ტენდერი დიაბეტიანი მოსახლეობისათვის ინსულინის შესყიდვაზე 2001 – 2005 წწ. სადაც გაიმარჯვა კომპანია “ნოვო-ნორდისკმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა იმ წლებში საქართველოს დიაბეტიანი მოსახლეობის ადამიანის ინსულინით მომარაგებას. მათ შორის 10-მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ინსულინის უფასოდ მოწოდებას. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა, დანიის, ნორვეგიის, შვეციისა და ფინეთის შემდეგ, მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა, რომელიც თავის დიაბეტიან მოსახლეობას უზრუნველყოფდა უმაღლესი ხარისხის ადამიანის ინსულინით. საქართველოსათვის ასეთი ხელსაყრელი პირობების შექმნა, პირველ რიგში, დაკავშირებული იყო ბატონ ჰარი იტამერის სახელთან.
საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი მოსახლეობისათვის გაწეული დიდი ღვაწლისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, ბატონ ჰარი იტამერს საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, 2001 წელს მიანიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. იმავე წელს საქართველოს ახლადშეძენილმა საპატიო მოქალაქემ, საქართველოს დამოუკიდებლობის 10 წლისთავს მიუძღვნა სპეციალური ექსპედიცია ჩრდილოეთ პოლუსზე და იქ აღმართა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშები.
2002 წლიდან კომპანია “ნოვო-ნორდისკის” ვიცე – პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ბატონმა სერგეი სმირნოვმა. იგი და კომპანიის მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ბატონი ვიქტორ ვლასოვი დიდ როლს თამაშობენ ასოციაციასა და კომპანია “ნოვო-ნორდისკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაფართოებაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბატონები სერგეი სმირნოვი და ვიქტორ ვლასოვი, ასევე, წარმატებით აგრძელებენ დიაბეტიანი მოსახლეობის და განსაკუთრებით, დიაბეტიანი ბავშვების ჰუმანიტარული დახმარების ტრადიციას.
2001 წლიდან ფირმა “ნოვო-ნორდისკის” ხელშეწყობით, დიაბეტიან ბავშვთა ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო “დიაბეტის სასწავლო ცენტრმა”, სადაც დიაბეტის დიაგნოსტიკის, გართულებების, მკურნალობის, მონიტორინგის თანამედროვე ასპექტების შესახებ უფასო ტრენინგები უტარდებათ სხვადასხვა პროფილის ექიმებს და გადაეცემათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები.