ახალი დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო ასოციაციის პრეზიდენტის კ. ამირხანაშვილის ინიციატივით 1999 წელს.
ცენტრის საპროექტო სამუშაოები საქველმოქმედოდ შეასრულა არქიტექტორთა ჯგუფმა მ. ჩხენკელის ხელმძღვანელობით.
2000 წელს თანხების უქონლობის გამო მშენებლობა დაკონსერვდა.
2005 წლიდან მშენებლობა გაგრძელდა, საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მხარდაჭერითა და კომპანია “ ნოვო-ნორდისკის” დახმარებით. მშენებლობის პერიოდში თავისი წვლილი შეიტანა ქ. თბილისის მერიამაც.
2008 წელს მშენებლობა დასრულდა და სარეაბილიტაციო ცენტრი სათანადოდ აღიჭურვა.
Bბოლო წლების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა განახორციელა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
ცენტრი განთავსებულია 4000 მ2-ზე მეტ ფართობზე.
ცენტრი მთლიანად კონდიცირებულია.
შენობაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე დიზელის საწვავზე.
შენობაში ელ. მომარაგება ხორციელდება ორი საკაბელო ხაზით (ძირითადი და ავარიული); ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხაზები ვერ მოაწვდიან ცენტრს ელ. ენერგიას, ამუშავდება 40კვტ. სიმძლავრის ავტონომური დიზელ-გენერატორი, რითაც შენარჩუნებული იქნება შენობაში დენის უწყვეტი მიწოდება.
შენობაში დამონტაჟებულია ჰიდრავლიკური ლიფტი, რაც საშუალებას იძლევა შენობის ეზოში სპეციალურად, საერთაშორისო სტანდარტებით აგებული პანდუსით შესული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ავიდნენ შენობის სხვადასხვა სართულებზე (სპორტკაფეში, სპორტდარბაზის მაყურებელთა ზედა აივანზე, და სააქტო დარბაზში).
შენობის მთავარი სპორტული არენა – ”დიდი მოედანი” აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, განათებით, ელ.ტაბლოთი, კეთილმოწყობილი გასახდელებითა და საშხაპეებით.
შენობის პირველ სართულზე განლაგებულ ფიტნეს-ცენტრებში დადგმული და დამონტაჟებულია უახლესი მოდელების ტრენაჟორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, სადაც ერთდროულად შეუძლია სარეაბილიტაციო ვარჯიში გაიაროს 50 მდე ბავშვმა და მოზარდმა.
შენობაში დამონტაჟებულია სპეციალური კამერა-მაცივარი ინსულინისა და სხვა მედიკამენტების შესანახად.
შენობაში არის კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახები და კაბინეტები, სადაც თანამშრომლებისთვის ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისა და მათი მშობლების მისაღებად,რათა ამ უკანასკნელთ გაეწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
პაციენტებს გლიკოჰემოგლობინის ანალიზი უკეთდებათ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე და მაღალი სიზუსტით მომუშავე “D-10” ტიპის ანალიზატორით.
სარეაბილიტაციო ცენტრი მთლიანად აღჭურვილია როგორც გარე, ასევე შიდა ხედვის ვიდეოკამერებით, რითაც კონტროლდება მთლიანი შენობის უსაფრთხოება.