დიაბეტის დაწყების მომენტიდან საჭიროა მისი ზედმიწევნით სწორი მართვა, რათა თავი დავიცვათ  გართულებებისგან. კარგი კონტროლისა და დიაბეტის კომპენსაციის შემთხვევაში, შეიძლება ვიცხოვროთ დიაბეტის გამოვლინებიდან 60 წელი და მეტი დიაბეტის გართულებების გარეშე. თუმცა თუ დიაბეტი დეკომპენსირებულია, ზოგ პაციენტს უკვე 10-20 წლის შემდეგ აღენიშნება გარკვეული გართულებები, 20-30 წლის შემდეგ კი უკვე ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე.
მთავარ პრობლემას წარმოადგენს გართულებების შემპარავი, უსიმპტომო დასაწყისი. როდესაც გართულება კლინიკურად გამოვლინდება, პროცესი  უკვე შორსწასულია. თუმცა  კარგმა თვითკონტროლმა და დიაბეტის სრულყოფილად მართვამ  შეიძლება შეაჩეროს ან გადაავადოს გართულებების შემდგომი პროგრესი..
ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერგლიკემიის დროს უპირატესად ზიანდება სისხლძარღვები.  სისხლძარღვის კედლის უჯრედები უკავშირდება ზედმეტ გლუკოზას, წარმოიქმნება ნაერთი. სისხლძარღვის კედელი ხდება მყიფე, ადვილად ზიანდება. შედეგად ირღვევა სისხლის მიმოქცევა. წვრილი სისხლძარღვების დაზიანებას მიკროანგიოპათია ეწოდება, მსხვილი სისხლძარღვებისა – მაკროანგიოპათია.
პირველ რიგში ზიანდება თვალის- რეტინოპათია, თირკმლის- ნეფროპათია, ნერვული ქსოვილის – ნეიროპათია წვრილი სისხლძარღვები. 

დიაბეტური ნეფროპათია

ხანგრძლივად მიმდინარე, დეკომპენსირებული დიაბეტის დროს ზიანდება წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც თირკმლის გორგლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. თირკმლის ძირითადი ფუნქცია-  ფილტრაცია თირკმლის გორგლის საშუეალებით ხორციელდება.მისი დაზიანებისას კი ირღვევა თირკმლის, როგორც ფილტრის ფუნქცია, შარდში ხვდება ცილები. დასაწყისში ეს პროცესი ნაკლებადინტენსიურია, გვაქვს მიკროალბუმინურიის ფაზა, შემდეგ კი ცილის რაოდენობა იმატებს, რასაც პროტეინურია ეწოდება. 

ჯანმთელი და დიაბეტით დაზიანებული თირკმლის გორგალი.

 მიკროალბუმინურიაცა და პროტეინურიაც კარგად ჩანს შარდის საერთო ანალიზში. ამიტომ სკრინინგის სახით სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ აღნიშნული კვლევა.

დიაბეტური ნეიროპათია

ხანგრძლივად მიმდინარე, ცუდად კომპენსირებული დიაბეტის დროს ასევე ზიანდება ნერვული ქსოვილის მკვებავი სისხლძარღვები, ირღვევა ნერვული უჯრედების ჟანგბადით მომარაგება და ზიანდება ნერვული უჯრედების გარსი – მიელინი. საბოლოოდ ნერვული იმპულსების გატარების შეფერხების გამო ქვეითდება მგრძნობელობა. 

დიაბეტური ნეიროპათია

შორსწასული ნეიროპათიის სიმპტომებია:

  • მგრძნობელობის დაქვეითება და ჩხვლეტის შეგრძნების თანდათანობითი განვითარება ხელის მტევნებსა და ტერფებზე, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ქვედა და ზედა კიდურებში.

  • ბასრი, გამჭოლი, ან მწველი ტკივილი.

  • შეხებაზე გაძლიერებული ან დაქვეითებული მგრძნობელობა. კუნთების სისუსტე.

  • სიცხის აუტანლობა და ოფლის გამოყოფის დარღვევა

  • მონელების, დეფეკაციისა და შარდვის პრობლემები

  • სისხლის წნევის ცვლილებები.

 

დაქვეითებული მგრძნობელობის გამო მცირე დაზიანებები და ჭრილობები რჩება შეუმჩნეველი, მათი შეხორცება კი შეფერხებულია. ასევე შემცირებული ოფლის გამოყოფის გამო კანი მშრალია, ჩნდება ნახეთქები. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს წყლულები, უარეს შემთხვევაში კი განგრენა.

დიაბეტიან ბავშვებში, როგორც წესი ნეიროპათია და დიაბეტური ტერფი არ გვხვდება. ტერფი არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, თუმცა სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • არ ვიაროთ ფეხშიშველა.

  • წინდები უნდა გვეცვას სუფთა და მშრალი, სასურველია ბამბისაგან გამზადებული.

  • ჩავიცვათ მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელიც არ გვიჭერს.

  • ფრჩხილები არ მოვიჭრათ ღრმად, რომ არ დაზიანდეს კანი.

  • ხშირად დავითვალიეროთ ფეხის ტერფი და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მივმართოთ ექიმს.